"მიხეილ ჯავახიშვილი სკოლაში"

ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც 2010 წლის 18 დეკემბერს გაიმართა სკოლა “ოლიმპში”, მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 130 წლის თავზე. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები საჯარო და კერძო სკოლებიდან, რეგისტრაცია 20 ნოემბრამდე გაგრძელდა, თუმცა მე უკვე ბოლოს დავრეგისტრირდი და ძალიან გვიან დავიწყე ამ ავტორის შემოქმედების გაცნობა. შეიძლება არც იყო პატარა დრო, მაგრამ მისი შემოქმედება იმდენად ამოუწურავი აღმოჩნდა, მთელ დღეებს ამ მწერალს ვუთმობდი, და დღეცა და ღამეც იწყებოდა და მთავრდებოდა მიხეილ ჯავახიშვილითა და მისი ნაწარმოებებით. დასაწყისში წავიკითხე “მიწის ყივილი”, შემდეგ “ლამბალო და ყაშა”, ამას მოყვა სხვა მოტხრობებიც “ჩანჩურა”, “ეშმაკის ქვა”, “ტყის კაცი”, “პაპა დიმო” და ა.შ ბოლოს კი მოვამთავრე “ჯაყოს ხიზნებით” რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სამწუხაროდ მეტი ვერ მოვასწარი კონკურსამდე დარჩენილი დროის განმავლობაში, მაგრამ იმდენად შემიყვარდა ეს მწერალი მომავალში აუცილებლად განვაგრძნობ დარჩენილი ნაწარმოებების წაკითხვას.

გუშინ ბოლოჯერ გადავავლე თვალი მის წერილებს, უბის წიგნაკის ჩანაწერებს და დიდი იემდებით დავიძინე რომ ხვალ ყველაფერი ნასწავლის ფურცელზე გადატას შევძლებდი. დღეს 10 საათზე გამოვცხადდით სკოლა “ოლიმპში” და წერა დაახლოებით 11ის ანხევარზე დავიწყეთ. 4 საათი გვქონდა განკუთვნილი. 4 საათი – იმდენად დიდად ჟღერდა, მომეჩვენა რომ ვერ გავძლებდი ამდენ ხანს და საათნახევარში მაქსიმუმ მოვრჩებოდი წერას, მაგრამ ისე აღმოჩნდა რომ ჩვენი კლასიდან ბოლომ ჩავაბარე ნაწერი და საბჭოთა კავშირში ჩარჩენილი ფიქრებით გამოვასწარი იქაურობას. სიტუაცია ძალიან კარგი იყო, ჩემდა გასაკვირად თურმე შეგვძლებია წიგნების წაღება და ნაწარმოებებში ჩახედვა, მე კი, რომ მივედი მერეღა ვიფიქრე ნეტა მეც წამომეღო–თქო, შეგვძლო გაგვესეირნა, დაგვესვენა, სხვა კონკურსანტებთან გვესაუბრა, რამე გვეკითხა და ა.შ მოკლედ ყველანაირი პირობა იყო შექმნილი იმისთვის რომ 4 საათის განმავლობაშ ძალები მოგვეკრიბა და დაგვეწერა 2 დავალება. ერთი რომელიც მოითხოვდა ანალიზსა და მსჯელობას და მეორე უფრო შემოქმედებითი და მხატვრული.(მე მარტო პირველი დავწერე).

პირველი სავალდებულო დავალება მ.ჯავახიშვილის ამონარიდებისგან შედგებოდა. მოცემული იყო ტექსტები უბის წიგნაკებიდან, “ჯაყოს ხიზნებიდან” და წერილიდან “მასალები ლექციისთვის”. თოთოეული აბზაცი სხვადასხვა აზრს ემსახურებოდა, ამიტომაც დავალება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. საჭირო იყო გამოგვეყენებინა იქ მოცემული ფრაზები, დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან, გაგვევლო აპრალელები სხვადასხვა ნაწარმოებებთან, ჩაგვერთო ჩვენი დამოკიდებულება და გაგვეკეთებინა იმდროინდელი საქართველოს, ქართველი კაცის ხასიათის და ავტორის დამოკიდებულების ანალიზი.

ძალიან დიდი ხანი ვწერდი, ბოლოს რომ გადავხედე და ყველას დამთავრებული ჰქონდა და უკვე ათეთრებდა ნაწერს, რაღაცნაირად გამიტყდა და ცოტა ავჩქარდი 😀 ბოლოს რომ დავწერე, გადაკითხვაც ვერარ მოვასწარი, იმდენად დაღლილი ვიყავი პირდაპირ წამოვედი სახლში, მაგრამ მოვიფიქრე და სურათები გადავუღე ნაწერს და დღეს კომპიუტერშიც გადმოვიტანე, დამავიწყდა იმის თქმა რომ თემისთვის სათაური ჩვენთვითონ უდნა შეგვერჩია, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია, მიხელ ჯავახიშვილის დახვრეტის წინ ნათქვამი სიტყვები შევარჩიე “კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი”.

აი თემაც:

საქართველო უძველესი დროიდან მოყოლებული იბრძოდა თავისი თავის შესანარჩუნებლად. ჩვენი ქვეყანა ხშირად აღმოჩენილა განსაცდელის წინაშე და მტრის ლუკმა გამხდარა, მაგრამ ქართველი ხალხი მედგრად იდგა თავის მიწაზე და არავის უთმობდა ქვეყანას „სველს სისხლისა და ცრემლისაგან“. ჩვენს მიწაზე გაისმოდა ენა, რომლითაც „ბრძანებას სცემდა თამარი“ და იბადებოდა მრავალი გმირი, რომელთაც განადიდებდნენ საქართველოს გარეთაც. საქართველოს ეტრფოდა ყველა, „სიხარბე მტრისა“ არასოდეს განელებულა, მაგრამ ამ პატარა ქვეყანას, რომელიც მუჭა–მუჭად იშლებოდა, არასდროს გამოსცლია ძირიდან ის საყრდენი, ერის არსებობისთვის რომ არის საჭირო. ენა, მამული და სარწმუნოება ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სათავეში. ადამიანები კი, რომლებიც ერის განმათავისუფლებლებად გვევლინებოდნენ მზად იყვნენ მისთვის თავიც კი გაეწირათ.

ერთ–ერთ ასეთ გმირად მოგვევლინა მიხეილ ჯავახიშვილი. ადამიანი, რომელმაც ქართულ სიტყვაში გენია გააღვიძა, უდიდესი წვლილი შეიტანა მწერლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქვეყნის ეროვნული იდეა კი ნაწარმოებების სახით გადმოგვცა მომავალ თაობებს.

მისი მწვავე რეალიზმი, განმსჭვალული იყო ქართველი კაცის კრიტიკით, ირონიითა და მოვლენათა სიმძაფრით, რის გამოც ილიას გამგრძელებლადაც მოიხსენიებდნენ. იგი იზიარებდა იდეას „ჩვენ ჩვენს თავს აღარ ვეყუდნეთ“, ამ პრობლემის მოგვარების გზად კი ჩვენი „მეობის“ შეგნებასა და შემეცნებას მიიჩნევდა.

მიხეილ ჯავახიშვილი განიცდიდა იმდროინდელი სულით დაცემული საქართველოს ტკივილს და რადგანაც პატრიოტული შეგრძნება გამძაფრებული ჰქონდა, უცხო ქვეყნის წარწერებსაც კი საქართელოში პირად შეურაცხყოფად იღებდა. მწერალს არასდროს დაუკარგავს ერის გამთლიანებისთვის საჭირო თვისებები: შრომისმოყვარეობა, სიმტკიცე, სამართლიანობისათვის ბრძოლა და თავგანწირვა. მართალია ამ თვისებების მქონე ერთი ადამიანი ვერ მოარჩენს ერის წყლულს, მაგრამ მწერალმა ზუსტად იცის, რომ ხალხი უჯრედებისაგან შედგება. ამ აზრს ნათლად წარმოაჩენს „ჯაყოს ხიზნებში“ პერსონაჟის მიერ ნათქვამი სიტყვები : „შენც შეები საერთო უღელში და შენი წილი გასწიე“.

ავტორი პირდაპირი გზით გვიჩვენებს იმდროინდელი საზოგადოების ნაკლოვანებებს. ქართველმა ხალხმა დაკარგა რწმენა და გაუწყდა რელიგიური ძაფი. იგი ზარმაცია და შრომისმოყვარეობისგან შორს დგას. ეს პრობლემა ჩანს ჯავახიშვილის მოთხრობაში „დამპატიჟე“, სადაც მოთხრობის გმირი უნდილად იზლაზნება ან მიწაზე იშოტება, მაშნ როცა მისი მეზობლები ოფლს ღვრიან. ავტორი გვეუბნება, რომ „სიზარმაცე ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს ადამიანს“, „გზის გაკვლევა და გამარჯვება კი შეიძლება მხოლოდ შრომით“. ქართველებს ღვთისგან მომადლებული ნიჭი ვაქვს, მაგრამ ბეჯითობა გვაკლია. მხოლოდ ვოცნებობთ და მოქმედებით კი არაფერს ვაკეთებთ. ქართველი კაცის ამ თვისებას ეხმიანება „კაცია–ადამიანი?!“  სადაც ჩანს ლუარსაბის სიცოცხლე და არა ცხოვრება. სიზარმაცე და უმოქმედობა კი, როგორც ჩვენი სენი.

მიხეილ ჯავახიშვილის მიერ შექმნილი პერსონაჟი თეიმურაზ ხევისთავი და ჯაყო, „ცოდნითა და უცოდინრობით“ და „მოქმედებითა და უმექმოდობით“ უპირისპირდებიან ერთმანეთს. გამბედავი, ძიერი ჯაყო და მერყევი, სუსტი, უმოქმედო თეიმურაზი თანაბრად საშიში პიროვნებები არიან საზოგადოებისთვის. საჭიროა ვიპოვოთ ჭანჭველის ძალა, ფოლადის სიმტკიცე და სიცოცხლის დიდი შნო და ასე დავიცვათ ჩვენი სამშობლო.

ჩვენი უპირველესი ვალია ვემსახუროთ მშობელ საქართველოს და ვიაროთ სიმართლის გზაზე. ავტორის ნაწარმოებების უკან მოჩანს მცირე ნაპერწკალი, რომლის ცეცხლად შეგროვებასაც ლამობდა ილია და იმედი, რომელიც ადრე თუ გვიან ფრთას შეისხამს და განმტკიცდება. „სამართალმა სიმართლის გზა იცის“ – აი რას გვეუბნება ავტორი.

მიხეილ ჯავახიშვილის სამართლიანობისთვის მებრძოლი სული, მომავალი თაობებისთვის მაგალითია, რათა შევინარჩუნოთ „დიდება რომელიც ძველთაგან მოგვდევს“.

მწერლის უკანასკნელი სიტყვები „კიდევად დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“, ამჯერად სამარადჟამო სასუფევლიდან შთაგონებს ჩვენს ერს :

„ივერიას გაშლილი აქვს ფრთები,

სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრ

და ალგეთზე ღვთის მადლით და ნებით

მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ!“

 

2 thoughts on “"მიხეილ ჯავახიშვილი სკოლაში"

  1. როგორ მიყვარდა სკოლაში ჯავახიშვილი, მხოლოდ “ჯაყოს ხიზნები” კი არა, თითქმის ყველა მისი მოთხრობა მაქვს წაკითხული. “პატარა დედაკაცი” ჰქვია, მგონი, ერთ ძალიან გულისშემძრავ მოთხრობას. სასწაული იყო ჯავახიშვილი, ამაზე გახსნილი და პროგრესული მწერალი არ მინახავს მე.
    ყოჩაღ, საინტერესო პოსტი იყო ძალიან.

    Like

    1. ხო მეც მიყვარს ეგ მოთხრობა და კიდევ ერთი “ეშმაკის ქვა” ძალიან მძაფრი სიუჟეტი აქვს, ისე თითქმის ყველა ნაწარმოებში ეგეთივე ხასიათის სიუჟეტებია, ტან ისეთი ენითაა მოთხრობილი რომ ძალიან განიცდი ❤ მეც ძალიან მიყვარს ჯავახიშვილი ❤ მადლობა

      Like

Leave a comment